ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების პოლიტიკა

ზოგადი პრინციპები

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტისა (AI) და AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენების წესებს ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში“ ხელნაწერის მომზადების, წარდგენის, რეცენზირებისა და რედაქტირების პროცესში.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემები არ შეიძლება მიეთითოს ხელნაწერის ავტორად ან თანაავტორად და არ უნდა იქნეს ციტირებული როგორც ავტორი.

AI შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამხმარე საშუალებად და არ უნდა ანაცვლებდეს ავტორის, რეცენზენტის ან რედაქტორის კრიტიკულ აზროვნებას, დამოუკიდებელ ანალიზს, პროფესიულ განსჯასა და ინტელექტუალურ წვლილს.

AI-ის გამოყენება ავტორების მიერ

AI შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხელნაწერის მომზადების დამხმარე საშუალებად, მათ შორის ენობრივი გაუმჯობესების, ტექსტის ორგანიზების, რეზიუმირების, თარგმნის, ლიტერატურის მოძიებისა და სხვა ტექნიკური ან დამხმარე ამოცანებისათვის.

AI-ის მიერ შექმნილი ან დამუშავებული მასალა უნდა შემოწმდეს ავტორის მიერ.

დაუშვებელია AI-ის გამოყენება მონაცემების, კვლევის შედეგების, მტკიცებულებების, წყაროების, ციტატების ან სხვა მასალის ფაბრიკაციის, გაყალბების ან არსებითი დამახინჯებისათვის. AI ასევე არ უნდა იქნეს გამოყენებული ხელნაწერის ან მისი არსებითი ნაწილის ისეთი ფორმით შესაქმნელად, რომელიც ანაცვლებს ავტორის დამოუკიდებელ ანალიზსა და ინტელექტუალურ წვლილს.

AI-ის გამოყენებისას ავტორმა უნდა უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციისა და მესამე პირთა უფლებების დაცვა.

AI-ის გამოყენების შესახებ რედაქციის ინფორმირება

მართლწერის, გრამატიკისა და პუნქტუაციის საბაზისო ტექნიკური შემოწმებისათვის AI-ის გამოყენება არ საჭიროებს გამჟღავნებას, თუ იგი არ იწვევს ტექსტის არსებით შინაარსობრივ ან სტრუქტურულ ცვლილებას.

თუ AI გამოყენებულია ტექსტის გენერირების, არსებითი გადამუშავების, რეზიუმირების, თარგმნის, სტრუქტურირების, ლიტერატურის მოძიების ან მიმოხილვის ან წყაროების შერჩევის მიზნით, ავტორმა უნდა წარმოადგინოს AI-ის გამოყენების შესახებ განცხადება (AI Disclosure Statement). გამჟღავნებას ექვემდებარება AI-ის სხვა მიზნით გამოყენებაც, თუ მან არსებითი გავლენა მოახდინა ხელნაწერის შინაარსზე ან ორგანიზებაზე.

განცხადებაში უნდა მიეთითოს გამოყენებული AI ინსტრუმენტი, მისი გამოყენების მიზანი და ავტორის მიერ განხორციელებული საბოლოო შემოწმება.

ავტორმა AI-ის გამოყენების შესახებ განცხადება უნდა წარუდგინოს რედაქციას ხელნაწერთან ერთად, ცალკე დოკუმენტის სახით. განცხადება გამოიყენება სარედაქციო შეფასებისთვის და არ ქვეყნდება სტატიასთან ერთად.

AI-ის გამოყენება ვიზუალურ მასალაში

AI-ის გამოყენებით შექმნილი განმარტებითი ან სქემატური ვიზუალური მასალა დასაშვებია, თუ იგი ზუსტად ასახავს ავტორის ნააზრევს და არ არღვევს მესამე პირთა უფლებებს. ასეთი მასალის შესაქმნელად AI-ის გამოყენება უნდა მიეთითოს რედაქციისთვის წარდგენილ განცხადებაში.

რედაქტორები და რეცენზენტები

ხელნაწერი და მასთან დაკავშირებული სარედაქციო მასალა კონფიდენციალურია. რედაქტორებმა, რეცენზენტებმა და სარედაქციო პროცესში მონაწილე სხვა პირებმა ხელნაწერი ან მისი ნაწილი არ უნდა ატვირთონ მესამე მხარის გენერაციულ AI სისტემაში.

AI ვერ ჩაანაცვლებს რეცენზენტის დამოუკიდებელ შეფასებას ან რედაქტორის სარედაქციო გადაწყვეტილებას. AI შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ისეთი დამხმარე ტექნიკური ფუნქციისათვის, რომელიც არ მოითხოვს ხელნაწერის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის AI სისტემისთვის გადაცემას.

პასუხისმგებლობა და პუბლიკაციის ეთიკა

ავტორი სრულ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს ხელნაწერის სიზუსტეზე, ორიგინალურობაზე, წყაროების სანდოობაზე, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და ნაშრომში წარმოდგენილ დასკვნებზე. AI-ის მიერ შეთავაზებული წყაროები, ციტატები, სასამართლო გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო აქტები და სხვა ავტორიტეტული მასალა უნდა გადამოწმდეს შესაბამისი პირველწყაროს მიხედვით.

ამ პოლიტიკით სავალდებულო განცხადების წარუდგენლობა ან მასში AI-ის გამოყენების შესახებ ინფორმაციის დამალვა, ფაბრიკაცია, გაყალბება ან AI-ის სხვა არაკეთილსინდისიერი გამოყენება შეიძლება შეფასდეს პუბლიკაციის ეთიკის დარღვევად, და, დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, გახდეს ხელნაწერის უარყოფის, გამოქვეყნებული სტატიის შესწორების, უკან გაწვევის (retraction) ან სხვა შესაბამისი სარედაქციო რეაგირების საფუძველი.

შესაბამისი სარედაქციო გადაწყვეტილების მიღებამდე ავტორს ეცნობება გამოვლენილი შესაძლო დარღვევის შესახებ და ეძლევა განმარტების წარმოდგენის შესაძლებლობა. თუ დარღვევა მხოლოდ AI-ის გამოყენების შესახებ განცხადების გამოტოვებას ან არასრულყოფილებას ეხება და არ უკავშირდება ნაშრომის სანდოობის ან აკადემიური კეთილსინდისიერების სხვა პრობლემას, რედაქციამ შეიძლება ავტორს მოსთხოვოს განცხადების დამატება ან დაზუსტება. ასეთი ხარვეზი თავისთავად არ წარმოადგენს გამოქვეყნებული სტატიის უკან გაწვევის საფუძველს.

პოლიტიკის მოქმედება და განახლება

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში“ წარდგენილ ხელნაწერებზე.

ჟურნალი პერიოდულად გადახედავს პოლიტიკას გენერაციული AI-ის განვითარების, პუბლიკაციის ეთიკის საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციების, მათ შორის პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის (Committee on Publication Ethics — COPE), რეკომენდაციების გათვალისწინებით.