ეთიკის კოდექსი

ზოგადი დებულებები

ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ (G&B) ერთგულად იცავს უმაღლეს სამეცნიერო და ეთიკურ სტანდარტებს. სარედაქციო კოლეგიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამოქვეყნებული ნაშრომი შეესაბამებოდეს საერთაშორისო ეთიკის სტანდარტებსა და სამეცნიერო კეთილსინდისიერების წესებს.

გამოცემის პროცესში ჩართული ყველა მხარე - ავტორები, მთავარი რედაქტორი, სარედაქციო კოლეგია, რეცენზენტები და გამომცემელი - ვალდებულია დაიცვას ეთიკური ქცევის პრინციპები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე ეთიკის კოდექსში.

G&B-ის ეთიკის პოლიტიკა ეფუძნება COPE-ის (Committee on Publication Ethics) ქცევის კოდექსსა და საუკეთესო პრაქტიკის რეკომენდაციებს.

ჟურნალის რედაქციაში ნაშრომის გაგზავნა ნიშნავს, რომ თითოეული ავტორი გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ეთიკის კოდექსს და იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი დებულებები.


რედაქციის პასუხისმგებლობა

ჟურნალის რედაქციის გუნდი და მთავარი რედაქტორი ვალდებულნი არიან დაიცვან უმაღლესი ეთიკური სტანდარტები და უზრუნველყონ სამეცნიერო პროცესის გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ობიექტურობა.

ობიექტურობა – სტატიების მიღება ან უარყოფა ეფუძნება მხოლოდ მათი მეცნიერული ღირებულებისა და ხარისხის კრიტერიუმებს, და არა ავტორების ეროვნებას, სქესს, რელიგიას, პოლიტიკურ შეხედულებებსა თუ ინსტიტუციურ კუთვნილებას.

მეცნიერული სტანდარტები – რედაქცია პასუხისმგებელია, რომ გამოქვეყნებული ნაშრომები აკმაყოფილებდეს მაღალ აკადემიურ და ეთიკურ სტანდარტებს, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და ობიექტური რეცენზირების პროცესი.

კონფიდენციალურობა – მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნონ ინფორმაცია წარმოდგენილი ხელნაწერის შესახებ მესამე პირებისთვის, გარდა შესაბამისი ავტორისა, რეცენზენტებისა, სარედაქციო მრჩევლებისა და გამომცემლისა, ორმაგი ფარული რეცენზიის წესის შესაბამისად.

რეცენზირების პროცესის გამჭვირვალობა – ავტორებს მიეწოდებათ მხოლოდ რეცენზენტების მოსაზრებები და მაკორექტირებელი შენიშვნები, რეცენზენტთა ვინაობის გამჟღავნების გარეშე.

ეთიკური დარღვევებზე რეაგირება – რედაქცია ვალდებულია დროულად და სამართლიანად მოახდინოს რეაგირება პლაგიატის, მონაცემთა გაყალბების, ავტორობის უთანხმოების ან სხვა ეთიკური დარღვევების შემთხვევებზე, COPE-ის რეკომენდაციების შესაბამისად.

კომუნიკაცია ავტორებთან – რედაქტორები უზრუნველყოფენ მკაფიო და დროულ კომუნიკაციას ავტორებთან სტატიის შეფასების შედეგებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

გამოქვეყნებული მასალის სანდოობა – საჭიროების შემთხვევაში რედაქცია იღებს პასუხისმგებლობას რეტრაქციის, კორექციის ან განმარტების გამოქვეყნებაზე, რათა მკითხველს მიეწოდოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია.


ავტორთა პასუხისმგებლობა

ორიგინალურობა და კეთილსინდისიერება

ავტორები ვალდებულნი არიან წარადგინონ მხოლოდ ორიგინალური ნაშრომები. პლაგიატი, მონაცემთა გაყალბება, დამახინჯება ან სხვა სახის არასათანადო პრაქტიკა მკაცრად იკრძალება.

ყველა გამოყენებული წყარო უნდა იყოს სათანადოდ მითითებული, გარდა საყოველთაოდ ცნობილი/აღიარებული ინფორმაციისა.

დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გამოყენება და მითითება, რომელიც მოპოვებულია კერძო არხებით (მაგალითად, არაოფიციალური საუბრები, პირადი მიმოწერა, დახურული დისკუსიები), თუ ავტორს არ აქვს შესაბამისი ნებართვა მესამე პირისგან.

თანაავტორობა

თანაავტორებად უნდა ჩაითვალონ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც რეალურად და არსებითად მიიღეს მონაწილეობა კვლევის დაგეგმვასა, ჩატარებასა ან ნაშრომის შედგენაში.

თანაავტორებმა უნდა დაამტკიცონ ნაშრომის საბოლოო ვერსია და მისი გაგზავნა ჟურნალში.

თანაავტორები პასუხისმგებელნი არიან კვლევის შედეგებზე და იზიარებენ საერთო პასუხისმგებლობას ნაშრომის შინაარსთან დაკავშირებით.

იმ პირების წვლილი, რომლებიც პირდაპირ არ აკმაყოფილებენ თანაავტორობის კრიტერიუმებს (მაგალითად, ადმინისტრაციული მხარდაჭერა), უნდა აღინიშნოს „მადლობის“ სექციაში ან სქოლიოში.

გარდაცვლილი პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წვლილი მიუძღვით, შეიძლება ჩაიწერონ თანაავტორებად, ხოლო მათი გარდაცვალების თარიღი მიეთითოს სქოლიოში.

ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნება

ავტორები ვალდებულნი არიან მიუთითონ ნებისმიერი ფინანსური, პროფესიული ან სხვა სახის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება გავლენას ახდენდეს კვლევის შედეგებზე ან მის ინტერპრეტაციაზე.

ეთიკური ნებართვები

ადამიანებზე ან ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შემთხვევაში, ავტორებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ეთიკური კომიტეტის ნებართვა და დაიცვან მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ნორმები.

წყაროების სიზუსტე

ავტორები პასუხისმგებელნი არიან, რომ ციტატები, სტატისტიკური მონაცემები და ბიბლიოგრაფიული მითითებები იყოს სრული და ზუსტი.

დუბლიკატი-გამოქვეყნების აკრძალვა

ავტორებმა არ უნდა წარადგინონ ერთი და იგივე ნაშრომი ერთზე მეტ ჟურნალში ერთდროულად.

წარსულში უკვე გამოქვეყნებული ნაშრომის ხელახალი წარდგენა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ნაშრომი კონფერენციის შრომებში გამოქვეყნდა და სტატიაში წარმოდგენილია მისი არსებითი განვრცობა.

ერთი და იგივე ხელნაწერის რამდენიმე ჟურნალში ერთდროულად გაგზავნა არაეთიკურად და მიუღებლად ითვლება.

შეცდომების გამოსწორება

თუ ავტორი აღმოაჩენს არსებით შეცდომას ან უზუსტობას წარდგენილ ან უკვე გამოქვეყნებულ ნაშრომში, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს G&B-ის მთავარ რედაქტორს ან გამომცემელს და ითანამშრომლოს კორექციის ან რეტრაქციის პროცესში.

რეცენზირების პროცესში თანამშრომლობა

ავტორები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ განხილვის პროცესში, დროულად და თავაზიანად უპასუხონ რეცენზენტების შენიშვნებს.

თუ ავტორები ეთანხმებიან ცვლილებების შეტანას, მათ უნდა წარადგინონ შესაბამისი შესწორებები განსაზღვრულ ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ ავტორები არ ეთანხმებიან რეცენზენტთა რეკომენდაციებს, ისინი ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დეტალური განმარტება რედაქციისთვის.


რეცენზენტების პასუხისმგებლობა

ობიექტურობა და სამართლიანობა

რეცენზენტები ვალდებულნი არიან ნაშრომის შეფასება მოახდინონ ობიექტურად, მხოლოდ მისი მეცნიერული ხარისხის, სტრუქტურისა და მნიშვნელობის საფუძველზე, ყოველგვარი პირადი ან ინსტიტუციური მიკერძოების გარეშე.

კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული, მკაფიო და არგუმენტირებული, რათა ხელი შეუწყოს ნაშრომის ხარისხის გაუმჯობესებას.

კონფიდენციალურობა

ნაშრომის განხილვა წარმოადგენს კონფიდენციალურ პროცესს. რეცენზენტებს ეკრძალებათ ხელნაწერის შინაარსის ან მასში არსებული მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის.

ხელნაწერის გამოყენება პირადი კვლევითი მიზნებისთვის დაუშვებელია მანამ, სანამ ნაშრომი არ გამოქვეყნდება.

კომპეტენცია და პასუხისმგებლობა

რეცენზენტმა ნაშრომი უნდა მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობს შესაბამის აკადემიურ კომპეტენციას და შეუძლია ობიექტური შეფასების მიცემა.

თუ რეცენზენტი ვერ ასწრებს ნაშრომის განხილვას განსაზღვრულ ვადაში ან თვლის, რომ არ არის საკმარისად კვალიფიციური, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს რედაქციას.

რეცენზენტი ვალდებულია დროულად დააზუსტოს, საჭიროებს თუ არა დამატებით ინფორმაციას ნაშრომის სრულფასოვანი შეფასებისთვის.

წყაროებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კონტროლი

რეცენზენტმა უნდა შეამოწმოს, სათანადოდ არის თუ არა მითითებული გამოყენებული წყაროები.

ნებისმიერი ფორმის პლაგიატის, მონაცემთა გაყალბების ან დუბლიკატი-გამოქვეყნების შემთხვევის აღმოჩენისას რეცენზენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს რედაქციას.

თუ რეცენზენტმა შეამჩნია არსებითი მსგავსება სხვა ნაშრომთან, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს რედაქციას.

კომუნიკაცია ავტორებთან

რეცენზენტის შენიშვნები უნდა იყოს მკაფიო და აკადემიურად კორექტული. დაუშვებელია ავტორის შეურაცხყოფა, დამამცირებელი ტონი ან დაუსაბუთებელი კრიტიკა.

ყველა კომენტარი უნდა იყოს მიმართული ნაშრომის გაუმჯობესებისკენ და არა ავტორის დისკრედიტაციისკენ.


ინტერესთა კონფლიქტი

ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“ იცავს სამეცნიერო მიუკერძოებლობის პრინციპებს და უზრუნველყოფს, რომ ავტორები, რეცენზენტები და სარედაქციო კოლეგიის წევრები არ იმყოფებოდნენ ინტერესთა კონფლიქტში, რომელიც რაიმე ფორმით გავლენას მოახდენს სტატიის განხილვის, რეცენზირების ან გამოქვეყნების პროცესზე.

გაცხადების ვალდებულება

სარედაქციო კოლეგიის წევრები, ავტორები და რეცენზენტები ვალდებულნი არიან წერილობით აცნობონ მთავარ რედაქტორს ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ როგორც ნაშრომის წარდგენამდე, ისე ნებისმიერ ეტაპზე, თუ კონფლიქტი მოგვიანებით გამოვლინდება.

თუ რეცენზენტს აქვს აშკარა ინტერესთა კონფლიქტი (ფინანსური, პროფესიული, პირადი ან ინსტიტუციური) ან ნაშრომის შინაარსიდან, წყაროებიდან ან კონკრეტული კვლევითი ჯგუფის სტილიდან ეჭვი უჩნდება ავტორის ვინაობასა და შესაძლო კონფლიქტზე (მაგალითად, ავტორი შეიძლება იყოს მისი კოლეგა, ყოფილი სტუდენტი ან კონკურენტი ლაბორატორია), ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს რედაქციას და უარი თქვას ნაშრომის განხილვაზე.

ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო ფორმები

ფინანსური ინტერესები (გრანტები, დაფინანსება, ჰონორარები);

პირადი ან პროფესიული კავშირები (ოჯახური, კოლეგიალური, კონკურენტული ურთიერთობები);

აკადემიური ან ინსტიტუციური ინტერესები;

ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს სტატიის შეფასების, რედაქტირების ან გამოქვეყნების პროცესზე.

რედაქციის მოქმედება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში

სარედაქციო კოლეგია იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ინტერესთა კონფლიქტის დადგენისა და მართვის შესახებ, მათ შორის ავტორის, რეცენზენტის ან სარედაქციო კოლეგიის წევრის შემთხვევაში.

ინტერესთა კონფლიქტის დამალვის შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია უფლებას იტოვებს:

  • შეჩეროს გამოქვეყნების პროცესი ან გააუქმოს უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი (ჟურნალის შესწორების და გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად);
  • უარი განაცხადოს ავტორის, რეცენზენტის ან სარედაქციო კოლეგიის წევრის სამომავლო თანამშრომლობაზე ჟურნალთან;
  • აცნობოს ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტი შესაბამის სამეცნიერო და გამომცემლობით პლატფორმებს (საჭიროების შემთხვევაში).


შიდა შეზღუდვა

სარედაქციო კოლეგიის წევრს, მათ შორის მთავარ რედაქტორს, ეკრძალება საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნება ან რეცენზირება ჟურნალში. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდება როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით მომზადებულ სტატიებზე.


სხვა დებულებები

ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის მთავარ რედაქტორს და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის: ნაშრომის ავტორის სახელი და გვარი, სტატიის სათაური, დარღვევის ტიპი და შესაბამისი დასაბუთება.

იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა სავარაუდო ან დადასტურებული მეცნიერული გადაცდომა, თაღლითობა ან პლაგიატი, რედაქცია და გამომცემელი იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ მკითხველის ინფორმირება. ეს შეიძლება განხორციელდეს კორექციის ან სპეციალური ანგარიშის გამოქვეყნების გზით, ხოლო სერიოზული დარღვევების შემთხვევაში - სტატიის სრული რეტრაქციითა და შესაბამისი ნომრიდან ამოღებით, ჟურნალის შესწორების და გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად.